LIVE

AstraZeneca-სთან დაკავშირებით, ევროპაში აზრი ორად გაიყო

12 მარ 202116:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
AstraZeneca-სთან დაკავშირებით, ევროპაში აზრი ორად გაიყო
Bloomberg

უსაფრთხოების მიზეზით, ევროპის სულ მცირე ცხრა ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება შეაჩერა. ამ ფონზე, ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი ორგანო მის გამოყენებას კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს. მისი განცხადებით, AstraZeneca-ს Covid-19-ის ვაქცინის უპირატესობა მის რისკებს აღემატება და დამატებითი გამოკვლევების პარალელურად, ვაქცინაცია არ უნდა შეწყდეს.

ქვეყნებმა ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აცრის შემდეგ პაციენტების ნაწილს თრომბი განუვითარდა. ევროპის წამლების სააგენტო კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ამ დროისთვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ვაქცინის ამ გვერდით ეფექტს დაადასტურებს.   

საფრანგეთი და გერმანია AstraZeneca-ს ყველაზე დიდ მხარდამჭერებად რჩებიან. ვაქცინების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გერმანული ინსტიტუტი აცხადებს, რომ 1,2 მილიონი აცრილი ადამიანიდან სისხლის შედედებისა და სიკვდილიანობის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს, რომ საკითხს სერიოზულად უდგება და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას იზიარებს. 

”გული მწყდება, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეწყვიტა. ამ ქვეყნების უმრავლესობა შესაბამისი უწყების და ექსპერტების რჩევებს არ მიჰყვება,” აცხადებს მინისტრი.

მის აზრს ფრანგი კოლეგა იზიარებს. ოლივიე ვერანის განცხადებით, ევროპაში აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან სისხლის შედედების პრობლემა მხოლოდ 30 შემთხვევაში განვითარდა. ამასთან, დადასტურებული არ არის, რომ პრობლემა ვაქცინამ გამოიწვია. მისი განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინაცის შეჩერების მიზეზი არ არსებობს.

AstraZeneca-ს მხარს უჭერს ავსტრალიაც, რომელსაც იტალიამ 250,000 დოზა ვაქცინის ექსპორტზე უარი უთხრა. 

ვაქცინის შესახებ შეშფოთება გასულ კვირას პირველმა ავსტრიამ გამოხატა და მისი გამოყენება შეაჩერა. მოგვიანებით მას დანიამ, იტალიამ და ნორვეგიამ  მიბაძეს. დღეს ტაილანდმა განაცხადა, რომ კვლევის დასრულებამდე AstraZeneca-ს გამოყენებას დროებით აჩერებს. ქვეყნები სისხლის შედედების შემთხვევებს ვაქცინას პირდაპირ არ უკავშირებენ, ისინი მხოლოდ დამატებით კვლევას მოითხოვენ. 

რუკაზე ყვითელი ფერით აღნიშნულია ის ქვეყნები, რომლებმაც AstraZeneca-ს გამოყენება დროებით შეაჩერეს. 

თავის მხრივ, AstraZeneca 10 მილიონზე მეტი რეგისტრირებული აცრის შემთხვევაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ან ქვეყანაში ვაქცინა ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიისა და სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის მომატებულ რისკს არ შეიცავს.

Astra-ს ვაქცინებთან დაკავშირებით, ევროპის ბოლო წუხილი მიწოდების შეფერხებაა. გაირკვა, რომ ბრიტანულ-შვედური კომპანია მეორე კვარტალში ბლოკს დაგეგმილი ოდენობის ნახევარზე ნაკლებს მიაწვდის.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, საქართველო ხვალ სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინის 43,200 დოზას ელოდება. ამ დოზებით სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება. AstraZeneca-ს ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ ლო