LIVE

ვიეტნამური ელექტრომობილების მწარმოებლის ღირებულებამ Ford-ს და GM-ს გადაუსწრო

17 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
ვიეტნამური ელექტრომობილების მწარმოებლის ღირებულებამ Ford-ს და GM-ს გადაუსწრო

ვიეტნამური ელექტრომობილების მწარმოებლის VinFast-ის საბაზრო ღირებულებამ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პირველივე დღეს $85 მილიარდს მიაღწია.

ამ მაჩვენებლით მან General Motors-ის ($46 მილიარდი) და Ford-ის ($48 მილიარდი) ღირებულებას გადაუსწრო. გუშინ კომპანიის აქციის ფასმა, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე დებიუტის შემდგომ $37-ს მიაღწია.

Nasdaq-ის ბირჟაზე დებიუტის შემდგომ VinFast-ის დამფუძნებლის, უმდიდრესი ვიეტნამელი ფამ ვუნგის ქონება $39 მილიარდით გაიზარდა. შედეგად, ის აზიის მე-5 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ვუნგი კომპანიის აქციების 99%-ს, ვიეტნამის უმსხვილესი კონგლომერატის Vinggroup-ის მეშვეობით, აკონტროლებს. ეს გარემოება ზღუდავს ვაჭრობის შესაძლებლობებს სხვა ინვესტორებისთვის, რამაც შესაძლოა კომპანიის ფასების რყევა გამოიწვიოს.

„ინვესტორებს სჯერათ, რომ მომავალი ელექტროენერგიაშია და რომ აღმოსავლეთ აზიის იაფი წარმოების ქვეყნები აშშ-ს კონკურენტები გახდებიან. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობით კი ასეთი ქვეყანა სწორედ ვიეტნამი იქნება და არა ჩინეთი“, - ამბობს ბილ რუსო, Automobility-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ტრადიციულად აქციების გაყიდვის ნაცვლად, VinFest საჯარო ვაჭრობაში გამოვიდა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) გამოყენებით. SPAC-ებს ხშირად იყენებენ ახალბედა კომპანიები, რომლებისთვისაც აქციების საჯაროდ გაყიდვა ხშირად ხანგრძლივი და ძვირი პროცესია. ამ გზით ახალბედა კომპანია ბირჟაზე არსებულ კომპანიასთან ერთიანდება და უფრო მარტივად ხვდება ბირჟაზე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მსგავს პრაქტიკას მიმართა ელექტრომობილების რამდენიმე მწარმოებელმა, მათ შორის, Lordstown Motors-მა და Faraday Future-მა. თუმცა შერწყმის შემდგომ ორივე კომპანიამ ღირებულების 90%-ზე მეტი დაკარგა.

ბილ რუსოს თქმით, VinFast შემთხვევა შეიძლება განსხვავებული იყოს, რადგან მას ფინანსურად ისეთი მსხვილი კომპანია უმაგრებს ზურგს, როგორიც Vingroup-ია.

„ელექტრომობილების მწარმოებელი ახალბედა კომპანიების უმეტესობა წარუმატებელია, რადგან მათ არ აქვთ მყარი ფინანსური საფუძველი და გარე დაფინანსებაც დროთა განმავლობაში იწურება. ასეთ კომპანიებში კაპიტალი გაცილებით სწრაფად იხარჯება, ვიდრე გამომუშავდება“, - აღნიშნავს რუსო.

VinFast-მა მოსალოდნელი ფინანსური დაბრკოლებების გარდა, ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად კონკურენცია უნდა გაუწიოს უმსხვილეს მწარმოებლებს, Tesla-ს და BYD-ს. ეს კომპანიები, რომლებსაც უორენ ბაფეტი უჭერს მხარს, გაყიდვების გაზრდის მიზნით ფასებს ამცირებენ. შედარებისთვის, VinFast-ის წლის პირველი ნახევრის გაყიდვები 11 300 ავტომობილი იყო, Tesla-ს გაყიდვებმა კი 889 000-ს გადააჭარბა.

"Tesla კვლავაც დარჩება ელექტრომობილებში გამოკვეთილ ლიდერად, მაგრამ სხვა კომპანიებიც მიაღწევენ წარმატებას. VinFast-ს ძლიერი საფუძველი აქვს ელექტრომობილების წარმატებისთვის“, - ამბობს დენ აივსი, ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Wedbush Securities-ის, კაპიტალის კვლევის უფროსი ანალიტიკოსი.