
კომპანია Zoom-ი, რომლის სახელი პანდემიის პერიოდიდან დისტანციურ მუშაობასთან ასოცირდება, თანამშრომლებს ავალდებულებს ოფისში იარონ. კომპანია მიზეზად, სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდას ასახელებს.
ყველა თანამშრომელი, რომლებიც სამსახურიდან 80 კმ-ის რადიუსში ცხოვრობს, ვალდებულია კვირაში ორი დღე სამსახურში გამოცხადდეს.
Zoom-ის ეს გადაწყვეტილება უახლესი სტიმულია მსხვილი კომპანიის მხრიდან, შეამციროს მოქნილი სამუშაო პოლიტიკა. ასეთ პოლიტიკას ატარებს Amazon და Disney, რომელთაც ასევე შეამცირეს დისტანციური სამუშაო დღეები.
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, აშშ-ში ივლისში დასაქმებულთა 12% სრულად დისტანციურად მუშაობდა, 29%-ს კი ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. უფრო ადრეული კვლევის მიხედვით, დისტანციურად მუშაობა ბევრად გავრცელებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში, უფრო ნაკლებად კი აზიასა და ევროპაში.
Zoom-ში აცხადებენ, რომ ახალი პოლიტიკა აგვისტოსა და სექტემბერში ეტაპობრივად, ქვეყნების მიხედვით დაინერგება. იანვრის მონაცემებით, კომპანია გლობალურად 8 400 ადამიანს ასაქმებდა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი პოლიტიკით შეძლებენ საკუთარი ტექნოლოგიების უკეთ გამოყენებას, ინოვაციების დანერგვასა და გლობალურ მომხმარებელთა მხარდაჭერის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა, კონკურენტი Microsoft-ის მზარდი განვითარების ფონზე.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, კომპანიის თანამშრომელთა მხოლოდ 1% მუშაობდა რეგულარულად ოფისიდან, 75% მუშაობდა დისტანციურად, დანარჩენი ნაწილი კი ჰიბრიდული შეთანხმებით იყვნენ დასაქმებული. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ ზრდას, ის მკვეთრად შენელდა პანდემიის შემდგომ, რის გამოც, Zoom-ს ამ წლის დასაწყისში თანამშრომლების 15%-ით შემცირება მოუხდა. ასევე, კომპანიამ აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირა.
კომპანიის აქციების ფასი ახლა $68-ს შეადგენს, მაშინ როცა 2020 წლის მონაცემით თითო აქციის ფასი $500 იყო.