LIVE

სტიქიით დაზარალებულებს ქართული კომპანიები ეხმარებიან - განახლებადი

05 აგვ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 535
სტიქიით დაზარალებულებს ქართული კომპანიები ეხმარებიან - განახლებადი

შოვში სტიქიით დაზარალებულებს ქართული კომპანიების ნაწილი თანხით, საკვები პროდუქტებით ეხმარება და სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. 

სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, "კავკასიის ავტოიმპორტი", 100 000 ლარს გამოყოფს.  დაზარალებულების დასახმარებლად "თიბისი ბანკმა" საქველმოქმედო ანგარიში შექმნა. ბანკი აცხადებს, რომ, 500 000 ლარის ოდენობით, პირველ დონაციას თავად ჩარიცხავს.

 "ვისოლ ჯგუფი" სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება, "წითელი ჯვრის" მოხალისეებს კი სამაშველო სამუშაოებისთვის საწვავით მოამარაგებს.

PSP გასცემს პირველად დახმარებას, პირველადი საჭიროების მედიკამენტებს (არარეცეპტულს), ბავშვის საფენებსა და ბავშვის კვებას. დახმარება გაიცემა PSP-ს ონის აფთიაქში, რუსთაველის #2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით. 

 "ნიკორა ჯგუფი" შოვის სტიქიის ზონაში მყოფების საკვები პროდუქტებით მომარაგების სრულ მზაობას აცხადებს.

სამძებრო-სამუშაოებში ჩართული პირების პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებაზე მზადყოფნა "სპარმაც" გამოთქვა.

"პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" სტიქიით დაზარალებულებს უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობს. 

 "თეგეტა ჰოლდინგის" განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბს ძებნა-შველის სამუშაოებისათვის გადასცემს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება.  3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 25 ადამიანთან. 

შოვში მომხდარი სტიქიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ონის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089 ან 112.