LIVE

62 ადამიანი კუბადან ევროკავშირში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

24 ივლ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
62 ადამიანი კუბადან ევროკავშირში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ხუთი ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა კონტინენტთაშორისი კრიმინალური ქსელი გამოააშკარავეს, დაკავებულია 62 ადამიანი.

ევროპოლის განცხადებით, დამნაშავეებს ეკონომიკურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფი კუბელები 9 000 ევროს სანაცვლოდ ევროპაში გადაჰყავდათ და იქ ყალბი დოკუმენტაციით უზრუნველყოფდნენ. 

გამოძიება, რომელსაც ევროპოლი და ინტერპოლი კოორდინირებულად აწარმოებდნენ, 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. სწორედ მაშინ, სერბეთის, საბერძნეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის მთავრობებმა უჩვეულოდ გაზრდილი კუბელი მიგრანტების შესახებ განაცხადეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებს კუბელები ჯერ სერბეთში ჩაჰყავდათ, რადგან სავიზო მოთხოვნები დაბალი იყო. სერბეთიდან გზა საბერძნეთში გრძელდებოდა; საბოლოო დანიშნულება კი ესპანეთი იყო. აღნიშნულ სქემით ევროკავშირის ტერიტორიაზე ჯამში 5 000-მდე კუბას მოქალაქეა უკანონოდ შეყვანილი. შესაბამისად, დამნაშავეთა მიერ მიღებული მოგება 45 მილიონ ევროს აღწევს. 

გარდა დაკავებებისა, პოლიციამ დამნაშავეებს 18 უძრავი ქონება, 33 მანქანა და 144 საბანკო ანგარიში ჩამოართვა. ამას გარდა, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სხვადასხვა ვალუტაში.