LIVE

Amsterdam & Partners: გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია

07 ივლ 202312:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 310
Amsterdam & Partners: გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია

გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და მას საფუძვლად ფაქტობრივი დასკვნა არ უდევს. ამის შესახებ რობერტ ამსტერდამი, Amsterdam & Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი აცხადებს

Amsterdam & Partners იურიდიული კომპანიაა და განცხადების მიხედვით, ფირმა ბაჩიაშვილის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცავს.

"ჩვენს ფირმას პატივი აქვს იყოს ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი და ჩვენ ვაპირებთ აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინაშე. ნათლად ვხედავთ, რომ ამ ბრალდებების სათავე არ არის რაიმე ფაქტობრივი დასკვნა ან სერიოზული გამოძიება, არამედ, ბრალდებები, როგორც ჩანს, მიზანმიმართული დევნის შედეგია", - ნათქვამია რობერტ ამსტერდამის განცხადებაში.

ამსტერდამი აღნიშნავს ბაჩიაშვილი უნაკლო რეპუტაციის მქონე წარმატებული მეწარმეა, რომელსაც ახლა პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან.

"ეს ბრალდებები ქვეყნის სირცხვილია და ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ჩვენს წარმომადგენელთან ერთად საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე", - ნათქვამია იურიდიული კომპანიის განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს $39 მილიონის მითვისებას ედავება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საუბარია ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებაზე. გუშინ საღამოსვე ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეეფარდა.