ევროპის ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონს გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხვდებიან. ყველაზე მოთხოვნად პერიოდში გადატვირთულობის გამო, მოსალოდნელია შეფერხებები. გაფრთხილებას ამის შესახებ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია, Eurocontrol-ი იძლევა.
Eurocontrol-ის „ევროპული ქსელის ოპერირების გეგმის“ უახლესი პუბლიკაციის მიხედვით, ევროპის საჰაერო მიმოსვლამ პრეპანდემიურ დონეს გადააჭარბა. ამ ფაქტმა ავიაკომპანიებს დამატებითი სირთულე შეუქმნა პერსონალის ნაკლებობისა და გაფიცვების პარალელურად.
„პუბლიკაციაში ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ზაფხულში ფრენები დიდ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში შეფერხდება თუ გაზრდილ მოთხოვნას ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები დაემატება, როგორებიცაა ცუდი ამინდი ან თანამშრომელთა გაფიცვები,“ - განაცხადა Eurocontrol-ის წარმომადგენელმა.
Wizz Air Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ ადრე განაცხადა, რომ შარშანდელი ქაოსური სეზონის შემდგომ, ამ ზაფხულის ოპერაციები არ იქნება სრულყოფილი, თუმცა მოლოდინი ჰქონდა, რომ სექტორი უფრო მომზადებული დახვდებოდა პრობლემებს.
ბარსელონაში, აეროპორტების საბჭოს საერთაშორისო შეხვედრაზე Eurocontrol-ის გენერალურმა დირექტორმა, რაულ მედინამ ფრენების შემაფერხებელ კიდევ ერთ გარემოებად უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვა დაასახელა.