LIVE

ონლაინ შოპინგი - რატომ სჯობს ციფრული კალათა სუპერმარკეტის ურიკას?

26 ივნ 202315:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
ონლაინ შოპინგი - რატომ სჯობს ციფრული კალათა სუპერმარკეტის ურიკას?

ონლაინ შოპინგმა მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე განვითარების ხანგრძლივი გზა გაიარა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ონლაინ მაღაზიები თვალის დახამხამებაში გაჩნდა. ეს იმის ბრალია, რომ ახალი ინდუსტრიის განვითარების პროცესი დროში ეფექტურად მიმდინარეობს. პროგრესის ასეთ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, რეალობა ალბათ მოლოდინებსაც კი გადააჭარბებს და რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალი, უფრო ეფექტური და რევოლუციური ტექნოლოგიების პირისპირ აღმოვჩნდებით.

ხოლო მანამ, სანამ ონლაინ შოპინგის ინდუსტრია განვითარების მწვერვალს მიაღწევს, დღევანდელ დღეზე ვკონცენტრირდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა აქცევს ონლაინ შოპინგს ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულ ადამიანურ გამოცდილებად 21-ე საუკუნეში.

კომფორტული შოპინგი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონლაინ შოპინგმა სრულიად გააქრო დროსთან და ადგილთან დაკავშირებული თითოეული დაბრკოლება. თუკი ადრე ქალაქიდან ქალაქში გვიწევდა სასურველი ნივთის შესაძენად წასვლა, დღეს ჩვენი საწოლის დატოვებაც არ გვჭირდება პროდუქტის მისაღებად. წარმოიდგინეთ, რამდენად შემცირდა ჩვენი, როგორც მყიდველების ტრანზაქციული დანახარჯები, როგორ დაიზოგა ჩვენი დროითი რესურსები და ენერგია. ის დრო, რომელიც მაღაზიამდე მისასვლელად გვეხარჯებოდა, დღეს უკეთესი მიზნებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ზოგჯერ კი დრო საერთოდაც არ გვქონია - რამდენჯერ გითქვამთ უარი ნივთის შეძენაზე მხოლოდ იმიტომ, რომ სახლიდან ან სამსახურიდან გასვლა ვერ მოგიხერხებიათ?

წარმოუდგენლად კომფორტულია იმის შეხსენება საკუთარი თავებისთვის, რომ სასურველი პროდუქტის შეძენას სულ რამდენიმე დაწკაპუნება გვაშორებს. შეიძლება გაიფიქრეთ, რომ ნივთის მიტანის დრო დამატებითი ხარჯია, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ონლაინ მაღაზია იმდენად დაიხვეწა, რომ შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 საათშიც კი შეგიძლიათ ამანათის მიღება.

პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

მარკეტებსა თუ მოლებში შოპინგისას ისედაც დაღლილები რაც შეიძლება ნაკლები ენერგიისა და დროის დახარჯვას ვცდილობთ, რაც ზოგჯერ ჩვენთვის სასურველი პროდუქტის მოძებნაში გვიშლის ხელს. შედეგად, იმას ვყიდულობთ, რაც გზად შემოგვხვდება ხოლმე. ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთს წამებში მოვძებნით. იმ შემთხვევაში კი, როცა ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი, რისი შეძენა გვსურს, პროდუქციის დათვალიერებაც ერთ სივრცეში, რამდენიმე კლიკის საშუალებით შეგვიძლია.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფიზიკური მაღაზიები უსასრულო არ არის, რის გამოც პროდუქტი იქ შეზღუდული რაოდენობით არის განთავსებული. ონლაინ მაღაზიებში კი ასორტიმენტი სრულად არის წარმოდგენილი, რაც არჩევანის თავისუფლებას გვაძლევს.

შეღავათიანი ფასები

თუკი ერთხელ მაინც გქონიათ შეხება ონლაინ მაღაზიებთან, გეცოდინებათ, რომ მათი პროდუქციის ფასი საშუალოდ უფრო დაბალია ფიზიკურ მაღაზიებთან შედარებით, რომლებსაც დამატებით ქირის, მუშახელის შენარჩუნებისა და სხვა გადასახადების დაფარვაც უწევთ. ეს ხარჯები კი საბოლოოდ პროდუქტის ფასის მატებას იწვევს.

ონლაინ მაღაზიებს ხშირად აქვთ ფასდაკლებები და აქციები სხვადასხვა პროდუქციაზე, რაც ონლაინ შოპინგის ერთგვარი ბონუსია. კუპონები და ფასდაკლების პრომო კოდები დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ, რაშიც გუგლის დამატებითი ფუნქცია, Honey დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მომხმარებლების შეფასებები

არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, როცა საკუთარ შენაძენში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და შემაწუხებელი ეჭვებისგან სრულიად თავისუფლდები. ამისთვის საუკეთესო გზა პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაა. ონლაინ შოპინგი საშუალებას გვაძლევს, საიტზე ნივთის დეტალურ აღწერილობას გავეცნოთ და იქვე მივიღოთ გადაწყვეტილება.

ყველაზე სანდო გზა გადაწყვეტილების მისაღებად მომხმარებლების გულწრფელი შეფასებებია. ყველა ლეგიტიმურ ონლაინ მაღაზიას ვებგვერდზე შესაბამისი ადგილი აქვს გამოყოფილი მომხმარებლების გამოცდილებისა და მათი შეფასებების გასაზიარებლად.

ფასების შედარების შესაძლებლობა

ონლაინ შოპინგისას ფასების შედარება უმარტივესია ისეთი ციფრული საშუალებების წყალობით, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნისთვის არის შექმნილი. ვთქვათ, რომელიმე საიტზე სასურველი ნივთი მოძებნეთ და მისი ყიდვა გადაწყვიტეთ. ამ დროს სულ რამდენიმე წამში შეგიძლიათ გაარკვიოთ, არსებობს თუ არა სხვა ონლაინ მაღაზია, სადაც უფრო დაბალ ფასად შეიძენთ პროდუქტს. ეს შესაძლებლობა ონლაინ შოპინგისთვის არის უნიკალური, ვინაიდან მისი მსგავსის დანერგვა ფიზიკურ მაღაზიებში რთული წარმოსადგენია.

პროდუქტის დაბრუნების შესაძლებლობა

როგორც წესი, ონლაინ მაღაზიები უფრო შემწყნარებლები არიან ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით და პროცესიც ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. მაღაზიის საიტზევე შეგიძლიათ განცხადების დაწერა და სულ მოკლე ვადაში თქვენი სურვილისამებრ დაგიბრუნდებათ ნივთის თანხა ან მისი ჩამნაცვლებელი პროდუქტი. რა თქმა უნდა, ცალკეულ მაღაზიებს ნივთის შეცვლისა და თანხის დაბრუნებისთვის განსხვავებული პირობები აქვს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, წინასწარ გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას.

შეჯამება

არ გადავამეტებთ, თუ ვიტყვით, რომ ონლაინ შოპინგი ერთ-ერთი ისეთი გამოგონებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საგრძნობლად უმარტივებს ცხოვრებას. ესტუმრეთ სასურველ ონლაინ მაღაზიას და თავადვე მიხვდებით, თუ რატომ სჯობს ციფრული კალათა სუპერმარკეტის ურიკას.

(R)