![ნიკოლოზ გაგუა: ვაკვირდებით მოვლენებს, გვინდა სებ-ის საბჭო დროულად დაკომპლექტდეს](/uploads_script/articles/2023/06/19/1k5hu12ul7fwatn.jpg)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს სრულად დაკომპლექტება მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, მარეგულირებელი, საბჭოს არსებული შემადგენლობით, წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
„არსებული საბჭო ვაკვირდებით ამ მოვლენებს და ბუნებრივია, გვინდა საბჭო დროულად იყოს დაკომპლექტებული. საბჭოს ეფექტურობისთვის სრულად დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, თუმცა უმოქმედობის რისკები არ არსებობს.
ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა დატოვა პოსტი და არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს მის მოვალეობას, საკმაოდ წარმატებული, ეფექტური შემსრულებელია მისი მოვალეობის“,- განუცხადა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო 13 ივნისს დაძლია.
აღნიშნულს წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. 2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შექმნა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი. ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ასარჩევად გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერენ.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
- საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
- საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.
- ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.