LIVE

გაერო: კახოვკას კაშხლის აფეთქება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება

14 ივნ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
გაერო: კახოვკას კაშხლის აფეთქება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება

კახოვკას კაშხლის აფეთქება დიდ გავლენას მოახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. გაეროს განცხადებით, საბჭოთა დროინდელი უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მსოფლიოში საკვების მიწოდების გლობალურ ქსელს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, სავარაუდოა, რომ მსოფლიოში სურსათზე ფასები გაიზრდება. ამასთან, ასობით ათას ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა ექნება. 

კაშხლის აფეთქებამ ჰიდროელექტროსადგურიდან 18 კუბური კილომეტრის წყალი გამოუშვა, რამაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობები გააჩინა. კაშხალი 6 ივნისს აფეთქდა და მომხდარში ბრალი რუსეთს ედება. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს. 

გაეროში აცხადებენ, რომ უკრაინის აღნიშნული რეგიონიდან ტერიტორიები შავ ზღვასა და ყირიმამდე მსოფლიოსთვის ერთგვარი “პურის კალათას” წარმოადგენს. წყალდიდობები კი ხორბლის წლევანდელი მოსავლის აღებასა და სამომავლოდ - დათესვის უდიდეს პრობლემას იწვევს. აღსანიშნავია, რომ უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის, ქერის, სიმინდის, სხვა მარცვლეულებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთავარი მიმწოდებელი ქვეყნები არიან.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეზერვუარი სასმელ წყალს 700 000-მდე ადამიანს აწვდიდა. ამჟამად აღნიშნული ადამიანები სასმელი წყლისა და ბევრი მათგანი, საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.