LIVE

Nvidia - ჩიპების პირველი მწარმოებელი, რომლის ღირებულებამაც $1 ტრილიონს მიაღწია

31 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
Nvidia - ჩიპების პირველი მწარმოებელი, რომლის ღირებულებამაც $1 ტრილიონს მიაღწია

ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ დროებით $1 ტრილიონიანი ნიშნული გადალახა. კომპანიის აქციები სავაჭრო სესიის დასაწყისში 7.7%-ით გაიზარდა, მოგვიანებით კი ისევ უკან დაიხია. საბოლოოდ, Nvidia-ს აქციების ფასმა 3%-ით მოიმატა და $401.11 შეადგინა, საბაზრო კაპიტალი კი $990.7 მილიარდზე დასტაბილურდა.

Nvidia მსოფლიოში სპეციალიზებული ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. მისი ჩიპები ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტების გასაძლიერებლად გამოიყენება და შესაძლებლობებით Advanced Micro Devices-სა და Intel-ს უსწრებს, რომლებიც ასევე ჩართული არიან კონკურენციაში, განავითარონ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ChatGPT-ის გასაოცარი წარმატების შემდეგ.

გასულ შაბათ-კვირას Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსჯენ ჰუანგმა AI-ს რამდენიმე პროდუქტი წარადგინა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასმა მომატება დაიწყო. პრეზენტაციაზე მან ასევე წარადგინა AI სუპერკომპიუტერის პლატფორმა, რომელიც ტექნიკურ კომპანიებს ChatGPT-ის საკუთარი ვერსიების შექმნაში დაეხმარება.

ჰუანგმა ჯერ კიდევ წლების წინ კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით დიდი ფსონები დადო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, რაც დღეს დამსახურებულად უფასდება. კომპანია 1993 წელს დაარსდა და საქმიანობა ჩიპების წარმოებით დაიწყო. მოგვიანებით ახალ ბაზრებზე გადაინაცვლა და მონაცემთა ცენტრის სერვერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროცესორებს აწარმოებდა. ამ ნაბიჯით ათწლეულზე ნაკლებ დროში კომპანიის წლიური ბრუნვა $300 მილიონიდან $15 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ გრაფიკულ პროცესორებს სტანდარტულზე უკეთ შეუძლიათ AI სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება.