LIVE

რუსეთის რეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა იზრდება

31 მაი 202312:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
რუსეთის რეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა იზრდება

არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნები იზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიუთითებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის რეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ეს შემოდინება შესაძლოა დროებითი იყოს, ამიტომ მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება.

ამ ფონზე, კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის. ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა“,- აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ამასთან, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა.