
საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შემდეგ, თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას აგრძელებს.
დღეს ლირას კურსის ვარდნა გაღრმავდა და შედეგად, თურქეთის ეროვნული ვალუტა ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ადგილობრივ ვაჭრობაში ლირა დოლართან 20.15-მდე გაუფასურდა, ამ დროისთვის კი, bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 20.34 ლირად ივაჭრება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.1% მიიღო, რითაც წარმატებით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა.
თურქეთის ეროვნული ვალუტა გასული წლის დასაწყისთან შედარებით უკვე 6%-ითაა გაუფასურებული; თუკი გასული ათწლეულის დასაწყისთან შევადარებთ, ლირა დოლართან მიმართებით მთელი ამ დროის განმავლობაში 90%-ით დაეცა.