LIVE

რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს?

03 ივნ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 5162
რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს?

10 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე მეტ ალკოჰოლს სვამენ, 9 ევროკავშირშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით, ევროპის მოსახლეობა უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროპაში 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანი ყოველწლიურად საშუალოდ 9.5 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს მოიხმარს, რაც დაახლოებით 190 ლიტრ ლუდს, 80 ლიტრ ღვინოს ან 24 ლიტრ სპირტიან სასმელს უდრის.

ევროპის რეგიონში, სადაც ანგარიშის მიხედვით, 53 ქვეყანა შედის, 2000-დან 2019 წლამდე ალკოჰოლის მოხმარება 2.5 ლიტრით, ანუ 21%-ით შემცირდა, თუმცა რეგიონში ალკოჰოლის მიღების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ეს განსაკუთრებით ეხება დასავლეთ ევროპას.  

2019 წელს ევროკავშირში 15 წელზე უფრო ასაკის მოსახლეობის 8.4% ალკოჰოლს ყოველდღიურად, 28.8% ყოველკვირეულად და 22.8% ყოველთვიურად მოიხმარდა, 26.2%-ს კი ბოლო 12 თვის განმავლობაში ალკოჰოლი არ მიუღია. 

2019 წელს ევროპაში 1 სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მიღებით ლიდერობს ჩეხეთი (14.3 ლიტრი). მას მოსდევს ლატვია (13.2 ლიტრი), მოლდოვა (12.9 ლიტრი), გერმანია (12.8 ლიტრი), ლიეტუვა (12.8 ლიტრი), ირლანდია (12.7 ლიტრი), ესპანეთი (12.7 ლიტრი). ბულგარეთი (12.5 ლიტრი), ლუქსემბურგი (12.4 ლიტრი) და რუმინეთი (12.3 ლიტრი). 

ქვეყნებს შორის ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ცალსახაა, რომ კაცები ქალებზე მეტს სვამენ. ყოველდღიურად მამაკაცების 13% იღებს ალკოჰოლს, ქალებში ეს მაჩვენებელი 4.1%-ია. 

გენდერული ნიშნით სხვაობა ყველაზე დიდია პორტუგალიაში, სადაც კაცების 33.4% და ქალების 9.7% სვამს ყოველდღე ალკოჰოლს.

ქვეყნების ათეულში, სადაც ყველაზე ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ, შედის: ტაჯიკეთი (0.9 ლიტრი), აზერბაიჯანი (1 ლიტრი), თურქეთი (1.8 ლიტრი), უზბეკეთი (2.6 ლიტრი), თურქმენეთი (3.1 ლიტრი), ისრაელი (4.4 ლიტრი), სომხეთი (4.7 ლიტრი), ყაზახეთი (5 ლიტრი), ალბანეთი (6.8 ლიტრი) და ჩრდილოეთ მაკედონია (6.4 ლიტრი).