LIVE

სამხრეთ კორეა მსოფლიოში სამხედრო შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ხდება

03 ივნ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
სამხრეთ კორეა მსოფლიოში სამხედრო შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ხდება

2022 წელს სამხრეთ კორეამ $17 მილიარდის ღირებულების იარაღი გაყიდა. შედარებისთვის, 2021 წელს სამხრეთ კორეის მიერ გაყიდული იარაღის ღირებულება მხოლოდ $7.25 მილიარდი იყო.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კორეული იარაღის გაყიდვების ზრდა გამოიწვია უკრაინის ომმა. საქმე ისაა, რომ ერთი მხრივ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას აქტიურად აწვდიან შეიარაღებას, რისთვისაც თავად მათი მოთხოვნაა გაზრდილი; ხოლო, მეორე მხრივ, მსოფლიოს სხვა ისეთ ცხელ წერტილებში, როგორებიც ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაა, სამხედრო შეიარაღებაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსხვილი მიმწოდებელი სამხრეთ კორეის გარდა არავინაა. 

მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხრეთ კორეის მნიშვნელობა ევროპის შეიარაღების მიმართულებით, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი პოლონეთმა შეასრულა. გასულ წელს სამხრეთ კორეამ პოლონეთთან სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობასთან დაკავშირებით $13.7 მილიარდიანი გარიგება დადო, რაც სეულისთვის ყველა დროის უდიდესი შეთანხმებაა აღნიშნულ სფეროში. შეთანხმების ფარგლებში, 2022 წელს სამხრეთ კორეამ პოლონეთს მიაწოდა ასობით Chunmoo-ს სარაკეტო გამშვები, K2-ის ტიპის ტანკები, K9-ის თვითმავალი ჰაუბიცები და FA-50-ის გამანადგურებელი თვითმფრინავები. გარიგების ღირებულება და მასში მოაზრებული იარაღების რაოდენობა სამხრეთ კორეას თავდაცვის სფეროში მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეებისაგანაც კი გამოარჩევდა.  

სამხრეთ კორეისა და პოლონეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება და ორი ქვეყნის პარტნიორობა მათ დაეხმარებათ, აიღონ ევროპის თავდაცვის ბაზარი უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც კი. სამხრეთ კორეის გაძლიერებას სამხედრო თავდაცვის სფეროში ხელს უწყობს პოლონეთი, რომელიც პარტნიორ აზიურ ქვეყანას წარმოების საშუალებებითა და ევროპაში გაყიდვების შესაძლებლობით უზრუნველყოფს. 

“ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სხვები ადრე მხოლოდ ევროპაში წარმოებულ თავდაცვის პროდუქციას ყიდულობდნენ, თუმცა ახლა მათთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად იარაღის მიღება კორეული კომპანიებისგან,” - განაცხადა ოჰ კიეჰვანმა, Hanwha Aerospace-ის დირექტორმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამხრეთ კორეასა და პოლონეთს შორის დადებულ გარიგებაში. 

ამრიგად, პოლონეთთან თანამშრომლობის გზით სამხრეთ კორეა უზრუნველყოფს ევროპისათვის შეიარაღების სწრაფი ტემპით მიწოდებას, რაც მის როლს მსოფლიო სამხედრო თავდაცვის ბაზარზე მნიშვნელოვნად ზრდის.