ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, მაისის დასაწყისში, დედაქალაქის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, უწყებამ კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი დააფიქსირა.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
უწყების განმარტებით, დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.