LIVE

ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის საათი $6.2 მილიონად გაიყიდა

29 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის საათი $6.2 მილიონად გაიყიდა

Patek Philippe-ის საათი, რომელსაც ჩინეთის ცინის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი ატარებდა, ჰონგ-კონგში აუქციონზე $6.2 მილიონად (48.85 მილიონ ჰონგკონგურ დოლარად) გაიყიდა.

აუქციონი, რომელიც დაახლოებით შვიდ წუთს გაგრძელდა, Patek Philippe-ის ახალ სათავო ოფისში გაიმართა და მას ძირითადად კოლექციონერები და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმპერატორმა აისინ გიორო პუიმ საათი აჩუქა თავის თარჯიმანს გეორგი პერმიაკოვს, რომელიც იმპერატორს 1945-1950 წლებში საბჭოთა კავშირში პატიმრობისას თან ახლდა. უცნობია სად და როდის მიიღო მან საათი, რომელიც 1937 წელს არის გამოშვებული. 

აუქციონზე ასევე გაიყიდა ქაღალდის წითელი მარაო, რომელზეც თარჯიმანს თვითონ იმპერატორმა დაუწერა და აჩუქა. ნივთის გასაყიდმა ფასმა 609 600 ჰონგკონგური დოლარი შეადგინა. 

საათის წარმომავლობის დადგენის პროცესში მოიძიეს ჟურნალისტები, რომლებსაც ჩაწერილი ჰყავდათ პერმიაკოვი და ფლობდნენ საათის ფოტოებს. პუის კვლევებზე სპეციალიზებულმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ პუიმ სთხოვა თავის თანამშრომელს, ლი გუქსიონს, რომ მოეხსნა ციფერბლატის ზედაპირი იმისათვის, რომ გაეგო, იყო თუ არა საათის ძირი პლატინისგან დამზადებული. სწორედ ამას მოწმობს დაზიანება, რომელიც საათზე შეიმჩნევა.

სპეციალისტების შეფასებით, საათი ისტორიის გარეშეც ღირებულია. ის ერთ-ერთია 96 Quantieme Lune-ის რვა ცნობილი მოდელიდან.

ყველაზე ძვირადღირებული საათი, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა, Patek Philippe-ის გამოუყენებელი Grandmaster Chime-ია. ის 2019 წელს $31 მილიონად გაიყიდა.