LIVE

მომხმარებელი შეძლებს, ბანკს არაავტორიზებული ტრანზაქცია აანაზღაურებინოს

24 მაი 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
მომხმარებელი შეძლებს, ბანკს არაავტორიზებული ტრანზაქცია აანაზღაურებინოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, აგვისტოდან საქართველოში დავების განხილვის საბჭო ამოქმედდება. შესაბამისად, თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მისი ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია არ იყო ავტორიზებული, შეეძლება სწორედ ამ საბჭოს მიმართოს და ბანკისგან თანხის ანაზღაურება მოითხოვოს.

მესტვირიშვილის თქმით, საბჭოს წევრები ტრანზაქციებს ტექნიკურ დონეზე შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნაღდო გადახდები ყოველწლიურად იზრდება.

„ყოველწლიურად დაახლოებით 30%-ით იზრდება უნაღდო გადახდები. მათ შორის, ბარათების გამოყენება და ასევე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მობილბანკით გადახდები.

ამ მიმართულებით გასულ წელს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი საგადახდო მომსახურების შესახებ, რომელიც ევროდირექტივის PSD2-ის შესაბამისია. მნიშვნელოვნად გაიზრდება მომხმარებელთა დაცულობა. თუ მომხმარებელი უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტს არ ენდობა, შესაბამისად ის ნაკლებად გამოიყენებს და საბოლოო ჯამში დაზარალებულია როგორც მომხმარებელი, ასევე საფინანსო სექტორი. ამიტომ, ამ მიმართულებით წელსაც გვექნება ღონისძიებები, მათ შორის კანონის მიხედვით, აგვისტოდან დავების განხილვის საბჭო ამოქმედდება, სადაც თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ მისი ტრანზაქცია არ იყო ავტორიზებული, ბანკი ვალდებულია, რომ ის აანაზღაუროს, მაგრამ თუ ბანკი თვლის რომ მომხმარებლის მიერ უხეშად იყო დარღვეული ბარათთან მოპყრობის პირობები, შეუძლია, ანაზღაურებაზე უარი თქვას“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ბანკის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება ორ უწყებას მიმართოს, სასამართლოს, ან ეროვნულ ბანკს.