Armenpress-ის ინფორმაციით, აპრილიდან ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის საზღვაო გზაზე ტვირთების გადაზიდვა ხდება, რომელსაც კომპანია CE&M International ახორციელებს. სომხური მედიის თანახმად, აღნიშნული კომპანია სომხეთის ხელისუფლებამ აირჩია და ტვირთების გადაზიდვასაც ასუბსიდირებს.
აღნიშნული მარშრუტის გამოყენება ლარსის გადატვირთვითაა ახსნილი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემა დიდი ხანია არსებობდა. ზოგიერთ შემთხვევაში ცუდი ამინდი და სატვირთო მანქანები დიდი რაოდენობა ტრანზიტის დროს აღნიშნულ მარშრუტზე შეფერხებებს ქმნიდა. სწორედ ამ მიზეზით, 18 აპრილიდან ფუნქციონირება დაიწყო ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებამ.
CE&M International-ის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ილოიანის განცხადებით, კომპანიის გემებს დღეისათვის 350 კონტეინერის გადატანა შეუძლიათ. მისივე თქმით, იგეგმება კვირაში ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის.
ილოიანის განცხადებით, ტვირთის გადაზიდვის აღნიშნული ვარიანტი შესაძლოა ძალიან მომგებიანი გახდეს ბევრი მეწარმისთვის, რადგან იგი დანიშნულების ადგილს 20-24 საათში აღწევს. ამასთან, ტრანსპორტირებისას გზაზე არ იქმნება პრობლემები, რის შედეგადაც პროდუქცია დანიშნულების ადგილს დროულად აღწევს. ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის გზა წარმოადგენს ტრანსპორტირების უფრო მარტივ საშუალებას, რომელიც შედარებით ნაკლებ დანახარჯებსა და ლოჯისტიკურ დაბრკოლებებს ითვალისწინებს.