LIVE

„ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა

22 მაი 202314:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
„ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა.

გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა მოაწერა, რის შემდეგაც, მას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ქსელის წევრობის დამადასტურებელ  სერტიფიკატი გადასცა.

„გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპზე ხელმოწერით, „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფმა“ პასუხისმგებლობა აიღო, რომ იმუშავებს ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ  აქსელერაციის პროგრამებისა თუ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ასევე, ინდივიდუალური მხარდაჭერის გაწევის საშუალებით,დავეხმარებით, განისაზღვროს რა საჭიროებები და გამოწვევებია კომპანიაში და როგორ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. კომპანია უკვე ჩაერთო „კლიმატის ამბიციის“ აქსელერაციის პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მხრიდან სათბური აირების ემისიების შემცირებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუერთდით გლობალურ ინიციატივას. დიდი ხანია, „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას, გენდერულ თანასწორობას ჩვენს კომპანიაში, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური დახმარებების გაწევის მიმართულებით. გვსურს რომ ამ კუთხით კიდევ უფრო გავფართოვდეთ. იმედი გვაქვს, რომ ამას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ერთად მივაღწევთ და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ვიმედოვნებ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან“,- განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების ოპერაციებში დანერგვაზე იმუშავებენ. ასევე, ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, კერძოდ, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების დანერგვის მიმართულებით.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 - ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 160-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

(R)