
შვიდმა ახალგაზრდა აქტივისტმა, რომლებიც კლიმატის ცვლილებას აპროტესტებენ, რომის უდიდეს, ტრევის შადრევანში კვირას გააქტიურებული ნახშირი ჩაყარეს და წყალი გააშავეს.
Ultima Generazione-ს ("უკანასკნელი თაობა") ჯგუფის მომიტინგეებმა შადრევნის წყალში აღმართეს ბანერები წარწერებით: "ჩვენ არ გადავიხდით საწვავის ფულს" და "ჩვენი ქვეყანა იღუპება."
რობერტო გუალტიერიმ, რომის მერმა, საპროტესტო დემონსტრაცია დაგმო: "საკმარისია აბსურდული თავდასხმები ჩვენს მხატვრულ მემკვიდრეობაზე", - წერს გუალტიერი Twitter-ზე.
განცხადებას აქვეყნებს აქტივისტების წარმომადგენელი ჯგუფი Ultima Generazione-ც, რომელიც მოითხოვს, სახელმწიფომ შეწყვიტოს წიაღისეული საწვავის სფეროს სუბსიდირება. რაც შეეხება აღნიშნულ დემონსტრაციას, ჯგუფის თქმით, იგი წარმოადგენს იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობებზე პასუხს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის აღნიშნულ რეგიონში გამანადგურებელმა წყალდიდობებმა 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაახლოებით 36 000 ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა; ბევრიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რეგიონს უკვე ესტუმრა პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, რომელმაც სწორედ ამ მიზეზით დატოვა ნაადრევად G7-ის სამიტი იაპონიაში.
წინასწარი დათვლებით, წყალდიდობებისგან გამოწვეული ზარალი იტალიისთვის მილიარდობით ევროს აღწევს. სამშაბათს იტალიის მთავრობა შეიკრიბება და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იმსჯელებს.