LIVE

წელს გერმანიაში 216 ქართველი დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან აქვს მოლაპარაკებები მთავრობას?

18 მაი 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
წელს გერმანიაში 216 ქართველი დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან აქვს მოლაპარაკებები მთავრობას?

2023 წლის პირველ ოთხ თვეში გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული.

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის 15 თებერვალს დაიწყო. სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში წარმატებით შეირჩა და დასაქმდა საქართველოს 1 231 მოქალაქე. 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისის ჩათვლით კი, 216 მოქალაქე.

რაც შეეხება ისრაელში ლეგალურად დასაქმებას, 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ისრაელში ლეგალურად მხოლოდ 20 ადამიანი დასაქმდა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან: პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, ირლანდია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, სადაც დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე, წლიური კვოტა 5 000 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. 2021 წელს გერმანიაში წასული ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენლები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ დაპირებულზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ, მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელში კი მძიმე პირობები იყო. სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ამასთან, ნაწილმა დასაქმების სააგენტოსაც უჩივლა. 

ისრაელში კი, პირველი ჯგუფის წასვლა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისის ბოლოს იგეგმებოდა და დასაქმების სააგენტოში აცხადებდნენ, რომ 2021 წლის ბოლომდე ისრაელში საქართველოს 1 000 მოქალაქე დასაქმდებოდა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა, რაც დასაქმების სააგენტოს განმარტებით, დასაქმების მსურველების კრიტერიუმებთან შეუსაბამობას უკავშირდებოდა. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს დასაქმება 1 წლით, მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეუძლიათ.