LIVE

სუბსიდირება ან რუსეთიდან ფქვილის იმპორტის შეზღუდვა - როგორ დაეხმარება მთავრობა ფერმერებს?

17 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 822

ხორბლის მწარმოებლები კვლავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხს ელიან, რაც გადაწყვეტს თუ როგორ დაეხმარება სახელმწიფო ფერმერებს დაგროვილი ხორბლის მარაგების რეალიზებაში.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, სამინისტროში რუსული ფქვილის იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვაზე მიდის მსჯელობა, ასევე განიხილება სუბსიდირება.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას მხრიდან ფერმერებმა სიტყვიერი თანხმობა მიიღეს, რომ რუსეთიდან ქერისა და საფურაჟე ხორბლის იმპორტი დროებით შეწყდება.

„არის შიდა მოლაპარაკებები წისქვილებთან და საცხობებთან. გადაწყვეტილებაც მათი შეთანხმების მიხედვით იქნება მიღებული. არ გამოირიცხება სუბსიდიაც, მაგრამ სუბსიდირება არც სახელმწიფოს აწყობს და არც ფერმერებს. ამასთან, არ იბეგრება დაღერღილი მარცვლეული, რომელიც კვლავ გადასახადის გარეშე მოდის. ამაზე მინისტრის მხრიდან უკვე თანხმობა გვაქვს, რომ ჩაიკეტება ეს ნაწილი, სანამ ადგილობრივი საფურაჟე მარცვლეულიც არ ამოიყიდება“,- აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი „ბიზნეს ფორმულასთან“.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს, რადგან დაახლოებით 20 ტონა ხორბლის მოსავალია გასაყიდი, ფასი კი უკვე 45 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 20 დღეში ახალი მოსავლის აღება იწყება.