LIVE

7 დღე და 7 საათი ლონდონიდან სტამბოლში ჩასასვლელად - Lupine მოგზაურებს გამოწვევას უწყობს

21 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
7 დღე და 7 საათი ლონდონიდან სტამბოლში ჩასასვლელად - Lupine მოგზაურებს გამოწვევას უწყობს

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანული ტუროპერატორი Lupine მოგზაურობის მოყვარულებს ლონდონიდან სტამბოლში რბოლაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს

ღონისძიება, სახელწოდებით Trans-European Race, სტარტს 5 აგვისტოს დილის 10:00 საათზე აიღებს. 

მონაწილეებს ევალებათ, რომ გამონახონ გზები, რათა შვიდ დღესა და შვიდ საათში, 12 აგვისტოს, 19:00 საათისთვის ლონდონიდან სტამბოლში უსწრაფესად ჩავიდნენ. მათ გზად სწორი თანმიმდევრობით უნდა გაიარონ გარკვეული საგუშაგოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია წინასწარ არ ექნებათ. ეს მგზავრობის დროზე ადრე დაგეგმვის შესაძლებლობას გამორიცხავს. 

მრბოლელებს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილების უფლება ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია თვითმფრინავით, ვერტმფრენით, ტაქსით, ავტოსტოპით ან კერძო ავტომობილებით სარგებლობა. 

ერთადერთი გზა, რომლის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია, ლონდონიდან პარიზამდე გადასაადგილებელი ტრანსპორტია. 

ყველაზე სწრაფ გუნდს გადაეცემა ჯილდოები, მათ შორის 2300 ევროს ღირებულების Lupine-ის ვაუჩერი, რომლის გამოყენება შესაძლებელია კომპანიის ნებისმიერი ტურისტული პაკეტის შესაძენად. გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

საპრიზო თასები გადაეცემათ მათაც, ვინც ყველაზე მეტ ქვეყანას გაივლის და მოგზაურობისთვის ყველაზე ნაკლებ თანხას დახარჯავს. ყველა, ვინც გამოწვევას დადგენილ ვადებში დაასრულებს, მედლით დაჯილდოვდება.

რბოლაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მას თან სრულწლოვანი პირი უნდა ახლდეს. 

გარდა იმისა, რომ მრბოლელები მოგზაურობის ხარჯებს თავად ფარავენ, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თითოეულ ადამიანს 114 ევროს გადახდა მოუწევს.