LIVE

რა ამყარებს ლარს - TBC Capital-ის შეფასება

17 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 4810
რა ამყარებს ლარს - TBC Capital-ის შეფასება

TBC Capital-ის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს 1 დოლარის ღირებულება, დაახლოებით, 2.50 ლარი იქნება, 2024 წელს 2.70 ლარამდე გაუფასურდება, 2025 წელს კი 2.60 ლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ევროს, TBC Capital-ის თანახმად, 2023 წელს ევროს ღირებულება 2.80 ლარი, 2024 წელს 3.08 ლარი, 2025 წელს 3.07 ლარი იქნება. 

TBC Capital-ის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება, 2024 წელს ზრდა 4.8%-ს, 2025 წელს კი 5.2%-ს მიაღწევს.

განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წლის მომდევნო თვეებში მოსალოდნელია დეფლაცია. პუბლიკაციის თანახმად, 2023 წელს ინფლაცია -0.1%-მდე შემცირდება, მომავალ წელს 3.7%-მდე დაჩქარდება, 2025 წელს კი 3%-ს შეადგენს. 

TBC Capital ელის, რომ 2025 წლამდე მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შერბილდება. 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-ს, მომავალ წელს 8%-ს, 2025 წელს კი 7.75%-ს შეადგენს. 

TBC Capital-ის თანახმად, სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია და ეს მხოლოდ რუსეთიდან შემოდინების ხარჯზე არ ხდება. 

ამასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ასევე გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგიცაა, რაც დეპოზიტების გაზრდილ ლარიზაციასა და ვალუტაში დაკრედიტების შედარებით უფრო მაღალ ხვედრით წილში გამოიხატება. თავის მხრივ, სენტიმენტები ლარის სეზონური გამყარების მოლოდინებთანაცაა დაკავშირებული. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ გაცვლითი კურსის სეზონური მერყეობა დიდი ალბათობით აღარ დაფიქსირდება, რადგანაც, მაგალითად, „კარგი სეზონის“ წინ მოხდება ლარის შესყიდვა და პირიქით. თავისთავად, განწყობები ცვალებადია და ეს გასულ კვირაშიც იყო თვალსაჩინო, - აღნიშნულია კვლევაში. 

TBC Capital ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტები ლარის კურსის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის. ანალიტიკური კომპანია სებ-ის ინტერვენციების მნიშვნელობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ის ბოლო პერიოდში დამაბალანსებელ როლს ასრულებს. 

საბოლოოდ, TBC Capital პროგნოზირებს, რომ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მართალია მცირე, მაგრამ კვლავ უფრო მეტ გამყარებას აჩვენებს.