
თურქეთში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ის მოგროვება ვერ შეძლო. შესაბამისად, 28 მაისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ.
ანალიტიკოსები ელიან, რომ მიმდინარე გაურკვევლობა აისახება ადგილობრივ ვალუტაზე, ბირჟებსა და ზოგადად, ეკონომიკაზე.
საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ღრმავდება. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად ვაჭრობის მიმართულებით შეინიშნება.
"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ მონაცემებს საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
ვაჭრობა
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-მარტში ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $673.7 მილიონი შეადგინა.
$568.7 მილიონით თურქეთი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ლიდერობს. მასზე მთლიანი იმპორტის 17.1% მოდის.
საქართველოში იმპორტირებულ საქონელში ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები ($26 931.4 ათასი), მას მოსდევს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ($24 998 ათასი), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები ($17 372.2 ათასი).
2023 წლის პირველ კვარტალში, თურქეთი 7.2%-ით უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიაში მე-6 ადგილზეა. საექსპორტო პროდუქტებში ლიდერობს ტრიკოტაჟის ნაწარმი ($18 429.6 ათასი) და ფეროშენადნობები ($17 078.7 ათასი).
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მიერ მიღებული მთლიანი გზავნილებიდან - $1.625 მილიარდიდან თურქეთზე $9.22 მილიონი მოდის, რაც გასულ წელთან შედარებით, 13.73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ 2022 წელს თურქეთში ემიგრაციაში 2 064 ადამიანი წავიდა.
ვიზიტორები
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 845.3 ათასს მიაღწია, საიდანაც 216.4 ათასი თურქეთზე მოდის. ამ მაჩვენებლით, მან, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
ინვესტიციები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებში $106.5 მილიონით თურქეთი მე-7 ადგილს იკავებს.