LIVE

იანვარ-აპრილში რუსეთიდან $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა - ზრდა 310%-ია

15 მაი 202313:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
იანვარ-აპრილში რუსეთიდან $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა - ზრდა 310%-ია

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების სტატისტიკაში კვლავ რუსეთი ლიდერობს. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ რუსეთიდან 838.1 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც წლიურად 310%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-აპრილში საქართველოს მიერ მიღებული მთლიანი გზავნილების, 1.625 მილიარდი დოლარის, 51.56% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხა წლიურად 20%-ით გაიზარდა და 159.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს მიერ აპრილში მიღებული ჯამური გზავნილების, ანუ 369.7 მილიონი აშშ დოლარის 43.16% რუსეთზე მოდის, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი მთლიანობაში 27.98%-ია.

აპრილში საქართველოში შემოსული გზავნილების ჯამური მოცულობა წლიურ ჭრილში 20%-ითაა (61.6 მლნ აშშ დოლარით) გაზრდილი.

უფრო დეტალურად, აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკაში შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

  • რუსეთის ფედერაცია - $159.57 მლნ, წლიური ზრდა 19.99%;
  • იტალია - $40.86 მლნ, წლიური ზრდა 22.35%;
  • აშშ - $34.2 მლნ, წლიური ზრდა 36.71%;
  • საბერძნეთი - $20.4 მლნ, წლიური ზრდა 9.41%;
  • ყაზახეთი - $19.73 მლნ, წლიური კლება 1.51%;
  • გერმანია - $18.01 მლნ, წლიური ზრდა 50.44%;
  • ისრაელი - $16.96 მლნ, წლიური ზრდა 4.66%;
  • თურქეთი - $9.22 მლნ, წლიური ზრდა 13.73%;
  • ესპანეთი - $5.15 მლნ, წლიური ზრდა 9.3%;
  • აზერბაიჯანი - $4.8 მლნ, წლიური კლება 3.44%;

სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გზავნილების მკვეთრი ზრდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. გასულ წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. 2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა.