LIVE

რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა პირველ კვარტალში 254%-ით გაიზარდა

15 მაი 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა პირველ კვარტალში 254%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 845.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წლიურად 83.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი, 220.7 ათასი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. რუს ვიზიტორთა რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 245%-ითაა გაზრდილი და ჯამურ რაოდენობაში მათი წილი 25.3%-ს შეადგენს.

რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს, 17.6%-იანი წილით, თურქეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი სომხეთია 15%-ით.

შესაბამისად, ვიზიტების რაოდენობაში ვიზიტორების მოქალაქეობის მიხედვით ლიდერი ქვეყნებია:

  • რუსეთის ფედერაცია - 256.8 ათასი;
  • თურქეთი - 216.4 ათასი;
  • სომხეთი - 182.5 ათასი.

საქსტატის მიხედვით, იანვარ-მარტში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით შემცირებულია. ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის იყოს.

თბილისი 38.4%-ით პირველ ადგილს იკავებს მონახულებული რეგიონების მიხედვით, სადაც ჯამში 559.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა. 333.8 ათასით მას მოსდევს აჭარა, რომელზეც ჯამური რაოდენობის 22.9% მოდის.

ვიზიტორების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ყველაზე მეტი 50.2% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე გადანაწილდა. რაც შეეხება გენდერულ ჭრილში განაწილებას, 2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ვიზიტორების 34.2% ქალი, კაცები კი 65.8% იყო.