LIVE

რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 79%-ით, ექსპორტი კი 61%-ით გაიზარდა

20 აპრ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 79%-ით, ექსპორტი კი 61%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (673.7 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (666.9 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - ჩინეთმა (376 მლნ აშშ დოლარი).

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 78.8%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 14.7% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 489 მლნ 971 ათასი დოლარი გადაიხადა. 3 თვეში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
  • ხორბალი და მესლინი;
  • ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-მარტში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 61.1%-ით, 176 მლნ 917 ათას დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 12.1% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ფეროშენადნობები;
  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები;
  • სპირტიანი სასმელები.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (216.9 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (180.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (176.9 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 411.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 28.2%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 205.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.1%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 81.8 მლნ აშშ დოლარით (5.6%).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში თურქეთი (568.7 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობდა, შემდეგ იყო რუსეთი (490 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (261.8 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-მარტის მონაცემებით, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 474.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.3% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 251.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.6%), ხოლო მესამეზე - ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 225 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.8%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მლრდ 784 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი წლიურად 24.7%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 462 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 21%-ით გაიზარდა და 3 მლრდ 322 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ იმპორტის გადაჭარბებამ ექსპორტზე, 2023 წლის იანვარ-მარტში 1 მლრდ 861 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 32.8%-ით გაიზარდა და 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.