LIVE

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა

27 აპრ 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1573
2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო (54 509) დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტებისას გადააჭარბა. 

უფრო დეტალურად, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ემიგრანტების 80.5% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტების სტატისტიკა ასეთია:  

  • საქართველო - 100 802 ადამიანი;
  • რუსეთის ფედერაცია - 5 935 ადამიანი;
  • თურქეთი - 2 064 ადამიანი;
  • უკრაინა - 2 004 ადამიანი;
  • ინდოეთი - 1 412 ადამიანი;
  • ბელარუსი - 852 ადამიანი.

რაც შეეხება იმიგრაციას, მაჩვენებელი 142.9%-ით გაიზარდა. ერთ წელში საქართველოში 179 778 იმიგრანტი შემოვიდა. მათი 30.3% საქართველოს მოქალაქე იყო.

მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • რუსეთის ფედერაცია - 62 304 ადამიანი;
  • საქართველო - 54 405 ადამიანი;
  • უკრაინა - 20 716 ადამიანი;
  • ბელარუსი - 13 361 ადამიანი;
  • ინდოეთი - 3 948 ადამიანი;
  • თურქეთი - 3 946 ადამიანი. 

აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობაა, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი. 

საქსტატის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 357 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% - ქალი.

გასულ წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799). 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის - 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის - 78.1 წელი.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.