LIVE

აზიაში გადაზიდვების ხარჯზე, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

11 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 361
აზიაში გადაზიდვების ხარჯზე, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბაზრებზე რუსული ნედლი ნავთობის ნაკადები იზრდება

Bloomberg-ის მონაცემებით, 5 მაისამდე, ოთხი კვირის განმავლობაში, ნავთობის საზღვაო გადაზიდვების საშუალო მაჩვენებელმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2022 წლის დასაწყისში მასზე დაკვირვება დაიწყო. 

იმის გამო, რომ რუსეთიდან თითქმის მთელი ნედლი ნავთობი ჩინეთსა და ინდოეთში მიდის, აზიაში ნავთობის გადაზიდვების მოცულობამ ასევე ახალ რეკორდს მიაღწია.

იანვარსა და თებერვალში ვარდნის შემდეგ, გადაზიდვების ზრდა ფიქსირდება მარტ-აპრილში.

ოთხკვირიანი საშუალო მაჩვენებლით, მთლიანი საზღვაო ექსპორტი 5 მაისამდე პერიოდში დღიურად 180 000 ბარელით 3.63 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. 

აღნიშნულ თვეებში ექსპორტის მოცულობის ზრდა წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ ნავთობის წარმოების შემცირების განაცხადთან.

ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებას OPEC+-ის რამდენიმე წევრიც შეუერთდა. გამოცემა წერს, რომ მოსკოვს შესაძლოა დიდი ძალისხმევა მოუწიოს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ მან ნავთობის წარმოება რეალურად შეამცირა. 

ექსპორტის მოცულობის ზრდის მიუხედავად, ნავთობიდან რუსეთის შემოსავლები შემცირდა. დასავლეთის სანქციებისა და ექსპორტის ფასის შეზღუდვის ფონზე, გასულ თვეში ამ მაჩვენებელმა გასული წლის მხოლოდ მესამედი შეადგინა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ნედლი ნავთობიდან და ნავთობპროდუქტებიდან ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალი გასულ თვეში 67%-ით დაეცა და 496.9 მილიარდი რუბლი ($6.4 მილიარდი) შეადგინა.