სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს მონაცემთა უსაფრთხოების განყოფილების აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ ჰანი ტოვებს.
როგორც ირკვევა, მიზეზი კანონმდებლების მხრიდან მზარდი ზეწოლაა შეერთებულ შტატებში პლატფორმის აკრძალვასთან დაკავშირებით. ერიკ ჰანი თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. ის უძღვებოდა გადაწყვეტილებების მიღების ისეთ პროცესებს, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ხასიათისა და შინაარსის პოსტების გამოქვეყნებას. ახალი კადრის მოძებნამდე, TikTok-ის მონაცემთა უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოზიციაზე დროებით ენდი ბონილო დაინიშნა.
აშკარაა, რომ ამით TikTok კარგავს უსაფრთხოების წამყვან ლიდერს პლატფორმისთვის საკმაოდ რთულ მომენტში. ამერიკელმა კანონმდებლებმა ბოლო თვეებში კიდევ უფრო გააძლიერეს მოწოდებები აპლიკაციის ქვეყნის მასშტაბით აკრძალვის შესახებ, იმის გამო, რომ მისი მშობელი კომპანიის ByteDance-ის კავშირები ჩინეთთან შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების რისკის შემცველი შეერთებული შტატებისთვის.
TikTok-მა დაადასტურა მარტში, რომ ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ აპლიკაციის ჩინელმა მფლობელებმა გაყიდონ თავიანთი წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ აპლიკაციას აკრძალავს. გასულ თვეში, მონტანას შტატში კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი პერსონალურ მოწყობილობებზე TikTok-ის აკრძალვის შესახებ, თუკი კანონს შტატის გუბერნატორი ხელს მოაწერს, ამით ის გახდება პირველი, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს.