
recov.ge-ს მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, ბათუმში 4 273 ბინა გაიყიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 40%-ითაა გაზრდილი. ბაზრის ზომამ კი 55%-ით, 186 მლნ დოლარამდე მოიმატა. რაც შეეხება მხოლოდ მარტის მონაცემებს, ერთ თვეში ზღვისპირა ქალაქში 1 399 ბინა გაიყიდა, წლიური ზრდა 16%-ია.
იანვარ-მარტში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24%-ით გაიზარდა და ღირებულებამ კვ.მ-ზე 908 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 725 დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ I კვარტალში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41%-ით მოიმატა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბათუმში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იანვარ-მარტში მოთხოვნა მნიშვნელოვნად, 188%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 34% და 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.