LIVE

კიბერთაღლითები მსხვილი კომპანიების სახელით მოქმედებენ - სოკარ ჯორჯია გაზი

13 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
კიბერთაღლითები მსხვილი კომპანიების სახელით მოქმედებენ - სოკარ ჯორჯია გაზი

კიბერთაღლითები, ხალხის მოტყუების მიზნით, მსხვილი კომპანიების სახელით მოქმედებენ.

როგორც "ბიზნეს ფორმულასთან" შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონიძემ განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც კიბერთაღლითები, ფინანსური სარგებლის მისაღებად მოსახლეობას მსხვილი კომპანიების აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. მათი მთავარი მიზანი კი, პერსონალური მონაცემის ხელში ჩაგდება და საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მითვისებაა.

"ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სოკარ ჯორჯია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მოსახლეობას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აქციების შეძენას სთავაზობს. რეალურად, კი კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს სქემებთან და ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენი ვებ-გვერდებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით აღნიშნულ ფაქტზე არაერთხელ გაგვივრცელებია ოფიციალური განცხადება. თაღლითურ სქემებში ყოველთვის ახსენებენ მსხვილ კომპანიებს, რადგან ამით ცდილობენ უფრო მეტი ნდობის მოპოვებას. მოსახლეობას ვურჩევთ, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართონ კომპანიას",- ამბობს ანტონ სამსონიძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "სოკარ ჯორჯია გაზის" სახელით, კიბერთაღლითები მოსახლეობის მოტყუებასა და მათი პერსონალური მონაცემების მითვისებას ცდილობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გააკეთა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.