LIVE

CFD აუქციონებზე ჯამში 900 მეგავატი სიმძლავრის 78 განაცხადი შევიდა

05 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
CFD აუქციონებზე ჯამში 900 მეგავატი სიმძლავრის 78 განაცხადი შევიდა

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში კერძო სექტორმა 78 განაცხადი შეიტანა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 900 მგვტ-ს აღემატება. ამის შესახებ აუქციონის კომისიის თავმჯდომარემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ CFD აუქციონის ფარგლებში ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება სამინისტრომ 300 მგვტ. სიმძლავრეზე უნდა გააფორმოს.  

შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ.

სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ხელი შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებას.

სამინისტროს თანახმად, 10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე), ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები.