გერმანიაში მცხოვრები ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც 2022 წლის 1 დეკემბრისთვის გერმანულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებოდა, სახელმწიფოსაგან ერთჯერადად 200-ევროიან დახმარებას იღებს. დახმარების პროგრამა მოიაზრებს გერმანიაში მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ევროკავშირის ან გერმანიის მოქალაქეები.
სტუდენტების დასახმარებელი ერთჯერადი დაფინანსების პროგრამა გერმანიის სახელმწიფომ ენერგეტიკული კრიზისის გამო გაძვირებული გადასახადებისა და ხარჯების ფონზე შეიმუშავა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, სარგებლობენ თუ არა სტუდენტები სხვა რაიმე დაფინანსების პროგრამით; 15 მარტიდან სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებისა და ელექტრონული აპლიკაციის შევსების შემდეგ ერთჯერადად 200 ევროს იღებს გერმანიის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ყველა სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა გერმანიამ გასული წლის სექტემბერშიც გაატარა, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულ ნებისმიერ პიროვნებას ერთჯერადად 300 ევრო გადაეცა. ამ შემთხვევაშიც, პროგრამის მიზანი ენერგორესურსებზე ფასების ზრდის პასუხად მოსახლეობის დახმარება იყო. აღნიშნული დახმარებით გერმანიაში მილიონობით დასაქმებულმა ისარგებლა.