LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

31 მარ 202316:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 375
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) ინიციატივით, წელს საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი 25-ედ გაიმართა.

120-ზე მეტი აპლიკანტიდან ნახევარფინალში 30 საუკეთესო ესეს ავტორი გადავიდა, რომელთაგან ჟიურიმ 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი გამოავლინა. 30 მარტს გამართულ ფინალურ ტურში კი მონაწილეები ჟიურის წინაშე ხუთწუთიანი გამოსვლით წარდგნენ თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”.

შედეგად, ფინალურ ეტაპზე ჟიურიმ 11 მონაწილიდან 3 საუკეთესო გამოსვლის მქონე კონკურსანტი შეარჩია, რომელთაგან პირველი ადგილის მფლობელი ელენე ბახუტაშვილი გახდა, მეორე ადგილზე ბაჩანა უგრეხელიძე გავიდა, მესამე ადგილი კი ელენე გურეშიძემ დაიკავა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველი ადგილის მფლობელი ელენე ბახუტაშვილი  დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ქართველ კონკურსანტთან ერთად ESU-ს პროექტში მონაწილე 50-მდე ქვეყნის გამარჯვებულები იასპარეზებენ.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენას. საჯარო მეტყველების კონკურსი ეს არის 16-20 წლამდე ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ავლენენ საკუთარ ცოდნას, ივითარებენ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს და ემზადებიან მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, აღმოგვეჩინა გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები და ხელი შეგვეწყო მათთვის, გადაედგათ ნაბიჯი საკუთარი დიადი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს.

(R)