
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 26 048 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებს 12.5%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.9 წელი.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, მეორე პოზიცია დაიკავა იმერეთის რეგიონმა, მესამე კი ქვემო ქართლის რეგიონმა. გასულ წელს ქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იყო.
რაც შეეხება განქორწინებას, 2022 წელს საქართველოში 14 098 განქორწინება დარეგისტრირდა. 2021 წელთან შედარებით, განქორწინების მაჩვენებელი 32.3%-ით გაიზარდა.
განქორწინების სტატისტიკაში ასევე ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში 23 155 ქორწინება და 10 654 განქორწინება დარეგისტრირდა. 2020 წელთან შედარებით, ქორწინების მაჩვენებელი 41.5%-ით გაიზარდა, განქორწინების კი - 39.4%-ით.