LIVE

ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ - ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილება

28 მარ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 543
ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ - ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილება

ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ. 

შარშან სასამართლომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, დააკისრა $129 576 750-ის გადახდა, რასაც დამატებითი ხარჯები და პროცენტიც ემატება. რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ეს თანხა Recovery Partners-სა და Revoker-ს უნდა აუნაზღაურონ. 

სასამართლოს თანახმად, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

საქმეზე სასამართლო დავა რამდენიმე წელია გრძელდება. 2018 წლის პირველ ნოემბერს ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა პიროვნებამ: ირაკლი რუხაძემ, იგორ ალექსეევმა და ინგლისელმა იურისტმა ბენ მარსონმა შეთქმულება მოაწყო და "სერიოზულად" დაარღვია იმ კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება, რომელშიც ისინი თავად მუშაობდნენ, მიზანი კი ის იყო, რომ უკანონოდ მოეპოვებინათ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების უფლება.

საქმე ისაა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, პრეტენზია განაცხადა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში. 

2008 წელს, როდესაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა, მის ოჯახს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია ბიზნესმენის ქონების შესახებ. გარდა ამისა, ქონების ნაწილი არაფორმალური სახით არსებობდა. პატარკაციშვილის აქტივების დაცვის და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners-ს (SCPI) მიანდო. კომპანია Salford რამდენიმე წლის განმავლობაში პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო. 

2009 წლის ბოლოს, აქტივების აღდგენის მიზნით, SCPI-ის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა ორი კომპანია: Recovery Partners და Revoker. ირაკლი რუხაძე და მისი პარტნიორი იგორ ალექსეევი ახლად დაფუძნებული Revoker-ის წევრები 2009 წელს გახდნენ.

სამი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ Salford-სა და მეორეს მხრივ, რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა. Salford-ის მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევის და მარსონის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს მათ შორის, “ლიბერთი ბანკს”, “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანია “იმედის” 100%-იანი წილის მფლობელია.