LIVE

აზარაშვილი: სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაში

25 მარ 202322:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 159
აზარაშვილი: სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაში

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილი თქმით, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებასა და კონტროლში.

ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზეზად ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ფასების შეთანხმებულად გაზრდას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ოპერატიული რეაგირების მიზნით, გაძლიერდება სამინისტროს, როგორც რეგულატორის და მაკონტროლებლის როლი.

„პირველად ეს მოხდა 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დავაწესეთ. მაშინვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორედ კი ეს მოხდა 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ, ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. ამით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებასაც მინდა გამოვეხმაურო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე, 4 და 5 კომპანიას, ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზეც ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. სწორედ ასეთი შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ და მინისტრმა უკვე არაერთხელ გააჟღერეს ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიების მიმართ შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები გაკეთდა პრემიერმინისტრის მხრიდანაც. ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ განცხადებას PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ტყუილს უწოდებს, პრემიერისგან კი დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თავის მხრივ, მსგავს განცხადებებს სექტორზე ზეწოლად აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია.