LIVE

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ორი ახალი პროექტის ფარგლებში $125 მლნ გამოუყო

25 მარ 202311:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ორი ახალი პროექტის ფარგლებში $125 მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა - მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL Project) 75 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი (DPO) 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ორივე პროგრამა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს მწვანე და მდგრად განვითარებაში.

„საქართველო, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას განიცდის და აქვს  შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.

მოხარულნი ვართ, რომ ორივე ახალი პროექტი ფოკუსირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამ პროექტების მეშვეობით ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ  სტრუქტურული რეფორმების მხრივ ბოლო ეტაპის ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს დაეხმარება საშუალო შემოსავლის  „ხაფანგის“ დაძლევასა და სახელმწიფო სტრუქტურების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL Project) მეშვეობით გაუმჯობესდება სარწყავ და სადრენაჟე სერვისებთან წვდომა, რაც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, პროექტის მიზანია ეროვნული ირიგაციისა  და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი დაგეგმვის განსახორციელებლად. ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები აღნიშნული პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან. გარდა ამისა, სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობაც, როგორც მიწის ადმინისტრირების უწყებების მხრიდან გაუმჯობესებული სერვისებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებით. აღნიშნული ღონისძიებები გაზრდის ფერმერების შემოსავალს და აამაღლებს მათ მდგრადობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.

საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროექტი (DPO) შემუშავდა ქვეყნის მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასავითარებლად ქვეყანაში მიწასთან, წყალმომარაგებასთან და ფინანსურ სერვისებთან უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად. ეს არის პირველი ღონისძიება ბიუჯეტის მხარდაჭერის ორი ღონისძიებიდან, რომელიც  საქართველოს მთავრობას დაეხმარება კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის, ეკონომიკური, კლიმატური და სტრუქტურული პრობლემების  დაძლევაში.

ორივე დამტკიცებული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი კანონის მიღებას სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის შესახებ, სარწყავი წყლის ახალი სატარიფო სისტემის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვასა და მარეგულირებელ ცვლილებებს ელექტრონული ანგარიშსწორების წასახალისებლად, რაც ეროვნულ რეგულაციებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.