კომპანია PSP ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ თვეების მიხედვით ონკოლოგიური წამლების ფასებს შორის განსხვავება, მოკლე ვადის გამო, 4-5-ჯერ იაფად გაყიდვამ განაპირობა.
კომპანია სწორედ ამით ხსნის თებერვალში ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებას და აღნიშნავს, რომ უკვე 2023 წლის მარტიდან, გაყიდვიდან ამოიღეს წამლები, რომელთა მოქმედების ვადა 1 თვეზე ნაკლები იყო და შესაბამისად, ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება საწყის ფასს დაუბრუნდა.
„ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით, მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდეა. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასი ანუ თვითღირებულება.
მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.
კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება“, - აღნიშნულია კომპანია PSP-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ უწყებამ კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება უკვე გაავრცელა. თავდაპირველად, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს ორი საკითხი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყოს. მისი თქმით, უწყება ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაშია და მოკვლევა უახლოეს პერიოდში დაიწყება.