LIVE

Binance საქართველოში რეგიონულ ჰაბს გახსნის

22 მარ 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 408
Binance საქართველოში რეგიონულ ჰაბს გახსნის

კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance საქართველოში ბლოკჩეინის რეგიონულ ჰაბს გახსნის. Binance-ში აცხადებენ, რომ ჰაბის მთავარი ამოცანა იქნება ნიჭის მოზიდვა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სფეროში, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარება ბლოკჩეინისა და Web3-ის სფეროებში, ასევე საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის შემდგომი განვითარება.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანაა რეგიონში და Binance-სთვის ეს ქვეყანა ჩვენს რუკაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. დღეისათვის ქვეყანაში სამი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც ჯამში 2 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს და ინტერესს, როგორც კრიპტო საზოგადოებიდან, ასევე ბიზნესისგან, ქვეყანაში კრიპტოვალუტების განვითარების მიმართ“, - განაცხადა Binance-ს რეგიონალურმა დირექტორმა ვლადიმერ სმერკისმა.

Binance-ს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 25-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და ჰაბის ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე კიდევ ათობით ადამიანის დასაქმება იგეგმება.  

რეკრუტირების სფეროში განვითარების გარდა, Binance-ს სხვა ინიციატივებიც აქვს. ის მიზნად ისახავს განათლების გაძლიერებას, კრიპტოვალუტების სფეროში უფრო დიდ მონაწილეობას და მიმღებლობას.

2023 წელს Binance-მა გამოაცხადა პარტნიორობა CityPay კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერთან, თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და Binance-ს საქველმოქმედო ინიციატივის წამოწყება ქალებზე ორიენტირებული განათლების მხარდასაჭერად, როგორც Web3-ში, ისე BNB Chain ჰაკათონში.