ევროპარლამენტმა სამსახურებრივ ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა.
ამ გადაწყვეტილებას წინ ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უძღოდა.
აკრძალვა ძალაში 20 მარტიდან შევა და ის გავრცელდება კორპორაციულ მოწყობილობებზე, როგორიცაა მობილური ტელეფონები და პლანშეტები, რომლებიც რეგისტრირებულია პარლამენტის მობილური მართვის პროგრამაში.
ბოლო თვეებში დასავლელ ლიდერებს სულ უფრო მეტად აღელვებთ ვიდეოების პოპულარული აპლიკაცია, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.
მიმდინარე კვირაში თეთრმა სახლმა სამთავრობო უწყებებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მათ თანამშრომლებს ფედერალურ მოწყობილობებზე ჩინური აპლიკაცია აღარ ჰქონდეთ. სამსახურებრივ ტელეფონებზე აპლიკაციის გამოყენება ორშაბათს კანადამაც აკრძალა. ინდოეთის აკრძალვა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.
TikTok-ის მიმართ არსებული ბრალდებების თანახმად, ის აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ამიტომ დაზვერვის ზოგიერთი სააგენტო მიიჩნევს, რომ სამთავრობო მოწყობილობებზე მისი ქონა საფრთხის შემცველია.
TikTok ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეასრულებს მომხმარებლის მონაცემების გაზიარების შესახებ ბრძანებას და ამტკიცებს, რომ მისი მუშაობის პრინციპი სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან არაფრით განსხვავდება.