LIVE

Toyota, Honda - იაპონიაში კომპანიები ხელფასებს მნიშვნელოვნად ზრდიან

19 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
Toyota, Honda - იაპონიაში კომპანიები ხელფასებს მნიშვნელოვნად ზრდიან

წამყვანი იაპონური კომპანიები ხელფასებს მნიშვნელოვნად, დაახლოებით 2.85%-ით ზრდიან. ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მრავალჯერ მოუწოდა კომპანიებს ხელფასების ზრდისკენ. იაპონური კომპანიების აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეს იქნება ათწლეულის განმავლობაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა. 

იაპონიაში, რომელიც მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკაა, 1990-იანი წლებიდან დასაქმებულთა ანაზღაურება მუდამ პრობლემატური საკითხი იყო, ვინაიდან იაპონური ხელფასები OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. დღესდღეობით იაპონიის ეროვნული ვალუტა იენი სუსტია, ხოლო საქონლის მზარდი ფასების გამო ქვეყანას იმპორტის ხარჯები გაეზარდა. აღნიშნულმა ინფლაციის მაჩვენებელიც მაქსიმალურ ნიშნულამდე აიყვანა. შესაბამისად, პრემიერმინისტრ კიშიდას მოუწია, შესაბამისი ზომები მიეღო დასაქმებულთა უკეთესი ანაზღაურებისთვის: იგი კომპანიებს ხელფასების ზრდისკენ აქტიურად მოუწოდებდა. 

ჯერჯერობით უცნობია, შენარჩუნდება თუ არა ხელფასების ზრდის ტენდენცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და 2%-იანი ინფლაციის შენარჩუნებაზე, რისთვისაც იაპონიის ცენტრალური ბანკი დიდი ხანია მუშაობს. ასევე გაურკვეველი რჩება, გაიზრდება თუ არა ხელფასები პატარა ფირმებში, სადაც იაპონელთა 70%-ია დასაქმებული.

იაპონიის ეკონომიკური კვლევის ცენტრმა (JERC) 33 ეკონომისტთან ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც დიდი კომპანიები ხელფასებს დაახლოებით 2.85%-ით გაზრდიან. აღნიშნული ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია გასული წლის 2.2%-იან ზრდასთან შედარებით. 

მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ ხელფასების რეკორდულად ზრდის ტენდენცია დიდ ხანს არ გაგრძელდება და იგი იაპონიის მონეტარულ პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს ვერ მოიტანს: “ეს არ გულისხმობს კომპანიების პოზიციის ცვლილებას, ეს უფრო ისტორიულად მაღალ ფასებზე საპასუხოდ კომპანიების დროებითი რეაქციაა. არ უნდა ველოდოთ, რომ ხელფასები მომავალ წელსა და იმის შემდეგაც გაიზრდება” - განაცხადა ტაკაჰიდე კიუჩიმ, იაპონიის ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა, რომელიც ამჟამად Nomura Research Institute-ის აღმასრულებელი ეკონომისტია. 

იაპონიის სამრეწველო კონგლომერატმა Hitachi Ltd-მ განაცხადა, რომ ხელფასებს საშუალოდ 3.9%-ით გაზრდის. შარშან აღნიშნულმა კომპანიამ 2.6%-ით გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 

გასათვალისწინებელია, რომ ხელფასების სავარაუდო საერთო ზრდა მაინც ნაკლებია იაპონიის სამომხმარებლო ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც ამჟამად 4.1%-ია. როგორც იაპონიის კვლევის ინსტიტუტის უფროსი ეკონომისტი ჰისაში იამადა აცხადებს, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ფასების სტაბილურობა, სამომავლოდ ხელფასები ყოველწლიურად 3%-ით უნდა გაიზარდოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის შენარჩუნებაში ცოტა თუა დარწმუნებული და აღნიშნულსაც ისინი ფასების ზრდაზე კომპანიების დროებით გადაწყვეტილებად აფასებენ, უკვე არსებობს რამდენიმე პოზიტიური ნიშანი: გასულ კვირას იაპონიის უმსხვილესი პროფკავშირების ჯგუფებმა სხვადასხვა კომპანიებთან დადეს შეთანხმება ხელფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, Toyota-მ, როგორც მსოფლიოს ნომერ პირველმა ავტომწარმოებელმა, და Honda-მ უკვე უზრუნველყვეს დასაქმებულთათვის ათწლეულის მასშტაბით ხელფასების ყველა დიდი ზრდა. 

იაპონური პროფკავშირები ხელფასების დიდი ზრდის მაგივრად უფრო ხშირად უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოითხოვენ კომპანიებისგან, თუმცა მათთან მოლაპარაკებებით აღნიშნული შრომითი გაერთიანებები უკვე რამდენიმე წელია ახერხებენ, მიაღწიონ ანაზღაურებების დაახლოებით 2%-იან ზრდას. 

OECD-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონიაში ხელფასები 5%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით დაბალი მაჩვენებელია იმავე პერიოდში სხვა ქვეყნებში არსებულ საშუალოდ 35%-იან ზრდაზე.