LIVE

Binance-მა რუსებისთვის ევროსა და დოლარში P2P გადარიცხვები აკრძალა

11 მარ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
Binance-მა რუსებისთვის ევროსა და დოლარში P2P გადარიცხვები აკრძალა

Binance-მა რუსეთის მოქალაქეებს, ისევე, როგორც რუსეთში მცხოვრებ ნებისმიერ პირს P2P სერვისის საშუალებით დოლარისა და ევროს ყიდვა-გაყიდვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, თავის მხრივ, ეკრძალებათ რუბლში ტრანზაქციების განხორციელება. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ ეს შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის შესაბამისად აამოქმედა. 

"Binance P2P-ის გამოყენების გასაგრძელებლად, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სხვა ხელმისაწვდომი ფიატ ვალუტა", - თქვა Binance-ის სპიკერმა.  

რუსებმა კრიპტო ბირჟების P2P სერვისების აქტიური გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2022 წლის მარტში რუსეთში მუშაობა შეაჩერეს Visa და Mastercard გადახდის სისტემებმა და ამოქმედდა შეზღუდვები SWIFT სისტემის გამოყენებაზე.

მედიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის აპრილში, Binance-მა რუსეთში პლატფორმის გამოყენებაზე გარკვეული აკრძალვები დააწესა, ის ქვეყანაში წამყვანი კრიპტო ბირჟაა და მისი P2P სერვისი რუსებში კვლავ პოპულარულია. 

Peer to Peer (P2P) არის გადახდის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია თანხა სხვა პირს ინტერნეტით ან მობილური აპლიკაციით პირდაპირ, გამარტივებული გზით გადაურიცხოს.