LIVE

ქეთი ბოჭორიშვილი: ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ამ კანონზე მუშაობა უნდა შეწყდეს

08 მარ 202312:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 813
ქეთი ბოჭორიშვილი: ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ამ კანონზე მუშაობა უნდა შეწყდეს

ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული კანონი ქვეყნის იმიჯს და ბიზნეს გარემოს აზიანებს. 

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამ კანონზე მუშაობა შეწყდეს.

„სამწუხაროდ, ამ კანონით ქვეყანას რეპუტაციას ძალიან უფუჭდება. ეს კანონი ყველაფერს ეწინააღმდეგება. პირველ რიგში, ქვეყნის ინტეგრაციას დასავლეთთან მიმართებაში. იმიჯი, რომელიც ქვეყანას შეელახება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას. ეს კანონი რამე სარგებელს რომ აძლევდეს საზოგადოებას, შეიძლება უფრო დეტალებში შესვლა და განხილვაც, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის. თავიდან ბოლომდე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის,“ - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტს გუშინ მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 წავიდა. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

მშვიდობიანი პროტესტანტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".