
Samsung-ის კვარტალური მოგება ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რაც მობილური ტელეფონებისა და ლეპტოპების გაყიდვის შემცირებითაა გამოწვეული.
ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, კვარტალურმა საოპერაციო მოგებამ $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 69%-ით ნაკლებია.
კომპანიის თანახმად, შემოსავალი 8%-ით შემცირდა და $57.3 მილიარდს ჩამოსცდა.
2014 წლის კვარტალური მოგების არასახარბიელო შედეგების შემდეგ, ეს კომპანიისთვის ყველაზე უარესი მაჩვენებელია. Samsung-ი შედეგს გლობალური ეკონომიკური გარემოთი ხსნის.
"გლობალური ეკონომიკის შენელების ფონზე, მეოთხე კვარტალში ბიზნეს გარემო, მოთხოვნის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად გაუარესდა", - ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში.
კომპანია ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება და მოთხოვნა წლის მე-2 ნახევარში აღდგება.
აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში, კომპანიის შემოსავალი გაიზარდა. 2022 წელს Samsung-მა $245.7 მილიარდი მიიღო, რაც 2021 წლის $227.4-თან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია.
Samsung-ის აქციების ფასი დღეს სეულში ვაჭრობის შედეგად 3%-ით შემცირდა.