LIVE

IMF-მა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი 2.9%-მდე გაზარდა

31 იან 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 301
IMF-მა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი 2.9%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც ერთი წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა.

ფონდი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2.9%-ით გაიზრდება, რაც ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი პროგნოზი 2022 წლის 3.4%-იან მაჩვენებელს ჩამორჩება, IMF მომავალ წელს მშპ-ს 3.1%-მდე ზრდას ელის. 

ეკონომიკური აქტივობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად სავალუტო ფონდი კვლავ ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე გაზრდილ ინფლაციას ასახელებს.

IMF-ის თანახმად, 2022 წლის 8.8%-იანი ინფლაციის შემდეგ, მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების ზრდა 6.6%-მდე შენელდება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება ოქტომბრის პროგნოზს. 2024 წელს ფონდი ინფლაციის ტემპის 4.3%-მდე შენელებას ვარაუდობს.

მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებლები ქვეყნების დაახლოებით 84%-ში, 2022 წელთან შედარებით, ნაკლები იქნება.  

რაც შეეხება ქვეყნების პროგნოზს, ფონდმა 2023 წლისთვის მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით 1.2%-მდე გაზარდა, რაც 2022 წლ2.7%-იანი მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლები.

ამ ჯგუფში გამონაკლისია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, რომელიც მოსალოდნელია, რომ 0.6%-ით შემცირდება.

მდგრადი მოთხოვნის ფონზე, აშშ-ის ეკონომიკა 1.4%-მდე გაიზრდება.  

პროგნოზის ყველაზე მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდა რუსეთში, სადაც ფონდი, დასავლეთის ქვეყნების სანქციების მიუხედავად, 2023 წელს მშპ-ს 0.3%-ით ზრდას ელის, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ოქტომბერში ნავარაუდევი -2.3%-იანი შემცირებისგან.