LIVE

ბლოგერი, რომელმაც დიდი თეთრი ზვიგენი შეჭამა, $18500-ით დაჯარიმდა

30 იან 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
ბლოგერი, რომელმაც დიდი თეთრი ზვიგენი შეჭამა, $18500-ით დაჯარიმდა

ჩინეთში ბლოგერი, რომელმაც დიდი თეთრი ზვიგენი მოამზადა და შეჭამა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, $18 500-ით დაჯარიმდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ის ზვიგენს უკანონოდ ყიდულობს და ჭამს. კლიპი ვირუსულად გავრცელდა ჩინეთში და ცხოველის მიმართ სისასტიკის გამო, ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.  

ოფიციალური პირების განცხადებით, ბლოგერმა ქალმა ცხოველის ყიდვით და მირთმევით ჩინეთის ველური ბუნების დაცვის კანონები დაარღვია. 

მათ ბლოგერი ჯინის სახელით მოიხსენიეს, თუმცა ვიდეოებში ის ტიზისის სახელით ჩნდება. 

ჯინმა ზვიგენი Alibaba Group Holding-ის სავაჭრო პლატფორმა Taobao-ზე 7700 იუანად აპრილში შეიძინა. დიდი თეთრი ზვიგენი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს შეფასებული ჰყავს, როგორც დაუცველი სახეობა, რომლის პოპულაცია მკვეთრად მცირდება.  

2022 წლის ივლისში ქალმა ჩინურ სოციალურ მედია არხებზე Douyin და Kuaishou გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იღებს დაახლოებით 2-მეტრიან ზვიგენს მაღაზიიდან, მასთან პოზირებს, ამზადებს როგორც კერძს და ჭამს 

ხელისუფლებამ ინფლუენერის საქმეზე გამოძიება აგვისტოში დაიწყო. ქსოვილის ნარჩენების დნმ-ის ტესტებმა დაადასტურა, რომ ეს იყო თეთრი ზვიგენი, რომელიც დაცულია ჩინეთის კანონმდებლობით. ასევე დააკავეს ცხოველის დაჭერასა და გაყიდვაში მონაწილე კიდევ ორი პირი.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, ჩინეთმა გარეული ცხოველების ვაჭრობა და მოხმარება სრულად აკრძალა.

ჩინეთმა ათი წლის უკან ოფიციალურად აკრძალა ზვიგენის ფარფლების წვნიანიც, მაგრამ ზოგიერთი ეგზოტიკური, გარეული ცხოველების ან მათი ნაწილების მოხმარება კვლავ პოპულარულია. ამის მიზეზად ხშირად მეცნიერულად დაუსაბუთებელი არგუმენტი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ახლახან გადახედა ველური ბუნების დაცვის კანონებს, გაზარდა ბრაკონიერობისთვის ჯარიმა და გარკვეული სახის ნადირობა აკრძალა, აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.